„კოლექტორის” დამფუძნებლებს გვჯერა, რომ „სწრაფი მოდის” მსგავსად, მნიშვნელოვანია „სწრაფი ავეჯის” ტენდენციებთან ბრძოლა და მდგრადი ალტერნატივების შექმნა. დღეს ავეჯის ბიზნეს სექტორში დიდი წილი უჭირავს იაფფასიანი ავეჯის წარმოებას. ამ ტიპის ავეჯი ადვილად ფუჭდება და სიცოცხლის ციკლს ნაგავსაყრელზე ასრულებს.
ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გადაყრილი ავეჯის მოცულობა ყოველწლიურად 10.78 მილიონი ტონაა. გადაყრილი ავეჯიდან 90% ნაგავსაყრელზე რჩება და მხოლოდ 10% გადამუშავდება. ძველი ავეჯის გადამუშავების ტენდენცია მზარდია, თუმცა მთელი საბაზრო ეკონომიკის ძალიან მცირე წილი უჭირავს.
ოფიციალური კვლევა იმის შესახებ, თუ რა ვითარებაა საქართველოში ავეჯის გადამუშავების მიმართულებით არ არსებობს, თუმცა ცხადია, რომ ეს სექტორი ჩვენს ქვეყანაში ნაკლებადაა განვითარებული. „კოლექტორის” მიზანია, ხელი შეუწყოს ავეჯის ცირკულირებას, ახაგაზრდა ოსტატებს შესთავაზოს ამ სფეროში დასაქმება და რაც მთავარია, აამაღლოს ცნობიერება მეორადი ავეჯის მნიშვნელობის შესახებ.
ჩვენთან შეძენილი თითოეული ნივთი განსაკუთრებულია, რადგან „კოლექტორის” გუნდი მათ საგულდაგულოდ არჩევს და ოსტატების დახმარებით სრულყოფილად ამუშავებს.
რესტავრაციის პროცესში ვიყენებთ მაღალი ხარისხის უსაფრთხო მასალებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ავეჯს არ დავუკარგოთ ის სიმდიდრე, რასაც მას სიძველე ანიჭებს და ამავე დროს, შევმატოთ განსაკუთრებული მიმზიდველობა თანამედროვე დიზაინის ელემენტების დამატებით.