
ჩვენ შესახებ
„კოლექტორი“ მათთვისაა, ვინც სახლის მოსაწყობად საინტერსო, უნიკალურ ნივთს ეძებს. Ჩვენს ონლაინ მაღაზიაში საგულდაგულოდ შერჩეული, მაღალი ხარისხის მეორადი ავეჯი და დეკორატიული ნივთები დაგხვდებათ. თითოეული მათგანი რესტავრირებული ან ტრანსფორმირებულია. ჩვენი ავეჯის ხარისხზე მათი სიძველე მეტყველებს – ესაა ნივთები, რომელთაც დროს გაუძლეს.
კოლექტორის პატარა გუნდი ძველი ავეჯის სიყვარულმა გაგვაერთიანა. გამორჩეული და საინტერესო ნივთების შესაძენად ხშირად ვსტუმრობდით მეორადი ავეჯის მაღაზიებსა თუ საწყობებს. აღმოვაჩინეთ, რომ ხარისხიანი ავეჯის შეძენა ხელმისაწვდომ ფასად მხოლოდ მეორადი ავეჯის მაღაზიებშია შესაძლებელი, მაგრამ ამ ტიპის მაღაზიების თვალიერებამ სხვა საკითხზეც დაგვაფიქრა: კომფორტულ გარემოში ყიდვას მიჩვეული მომხმარებლებისთვის ძველისძველი, შელახული ნივთებით გადატვირთული სივრცე ნაკლებად მიმზიდველია; სასურველი ნივთის პოვნა არც ისე მარტივია, კიდევ უფრო მეტ სირთულეებთანაა დაკავშირებული დაზიანებული ნაწილების შეკეთება, რესტავრაცია თუ აღდგენა. საბოლოოდ დავრწმუნდით, რომ ავეჯის ცირკულაციას მეტი ხელშეწყობა სჭირდება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, შეგვექმნა „კოლექტორი” – კონცეპტუალური მაღაზია, რომელიც ძველ – დაზიანებულ ნივთს, ახალ – მიმზიდველ შენაძენად აქცევს.
თითოეული ნივთი, რომელსაც „კოლექტორის“ მაღაზიაში ნახავთ, ჩვენ მიერ საგულდაგულოდაა შერჩეული. ბევრს ვფიქრობთ იმაზე თუ, როგორი უნდა იყოს ნამუშევარი რესტავრაცია-ტრანსფორმაციის შემდეგ, როგორ შემოვიტანოთ თანამედროვე დიზაინის ელემენტები და, ამავე დროს, შევინარჩუნოთ სიძველის ხიბლი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ „კოლექტორში“ შეძენილი ყოველი ნივთი იყოს ხარისხიანი, ლამაზი და უნიკალური. რაც მთავარია, გვსურს, ჩვენი მომხმარებლებისთვის მეორადი ავეჯის შეძენა სასიამოვნო გამოცდილებად ვაქციოთ.
სიყვარულით,
კოლექტორის გუნდი.